დავით ქაცარავამ ბოქლომი სუს-ის შესასვლელს დაადო

ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერმა დავით ქაცარავამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესასვლელს სიმბოლურად ბოქლომი დაადო.

„როგორც აღმოჩნდა. დღეს საოკუპაციო ხაზი გადის თბილისში. აქამდე ჩვენი მოწინააღმდეგე იყო რუსი ოკუპანტი, დღეს ჩვენი მოწინააღმდეგე გახდა რუსი ოკუპანტის მოკავშირე საქართველოს ხელისუფლება“, - განაცხადა დავით ქაცარავამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინ.

დავით ქაცარავამ ჟურნალისტებთან კომენტარში განაცხადა, რომ მასსა და მისი ოჯახის წევრებზე ხორციელდება მუქარა და სანდო წყაროსგან აქვს ინფორმაციაც იმის თაობაზე, რომ იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით მისი დაკავება იგეგმება.

დავით ქაცარავამ მედიის წარმომადგენლებს იარაღის ტარების დამადასტურებელი დოკუმენტი წარუდგინა.

სუს-ის გარდა, ბოქლომის დადების აქცია დღეს გენერალურ პროკურატურასთანაც გაიმართა. ბოქლომის დადების აქციები ნაწილია საპროტესტო კამპანიისა, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა 19 ნოემბერს დააანონსეს.

საპროტესტო კამპანიის ფარგლებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების შენობებთან მივლენ და ბოქლომს დაადებენ.

14 ნოემბერს, პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება მომდევნო საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩასატარებლად.

პარლამენტის უარის გამო, სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური პარტიების მიერ იმავე დღეს დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა 17 ნოემბერს პარლამენტის შესასვლელები დაბლოკეს და ჭიშკარს ბოქლომი დაადეს.

18 ნოემბერს საღამოს, საპოლიციო ძალებმა პარლამენტის პიკეტირების აქცია დაშალეს.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის პიკეტირებას 26 ნოემბერსაც აპირებენ. ამ დღეს პლენარული სხდომაა დანიშნული.