ალბანეთი მიწისძვრის შედეგად დაღუპულებს გლოვობს

27 ნოემბერი ალბანეთში გლოვის დღედ გამოცხადდა დამანგრეველი მიწისძვრით გამოწვეული მსხვერპლის გამო.

27 ნოემბრის დილის მონაცემებით, დაღუპულია 23 ადამიანი. დაშავდა 650-ზე მეტი. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს მდებარე ქალაქებში, დურესსა და ტუმანში, სადაც შენობების ნანგრევებში, სავარაუდოდ, კვლავ რჩებიან ადამიანები. ალბანეთის დასახმარებლად მაშველები გაგზავნეს იტალიამ, საბერძნეთმა, რუმინეთმა, მონტენეგრომ, თურქეთმა და კოსოვომ.

6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა 26 ნოემბერს მოხდა. ეპიცენტრი ალბანეთის დედაქალაქ ტირანიდან 30 კილომეტრში მდებარეობდა. დანგრეულია ასობით შენობა. განსაკუთრებით დაზარალდა საპორტო ქალაქი დურესი.

ალბანეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა 21 სექტემბერსაც. მას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაზიანდა 500-მდე სახლი.