ოკუპირებულ აფხაზეთში თანამდებობიდან გადააყენეს დე ფაქტო გენერალური პროკურორი

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტოს რიგგარეშე სხდომა. სოხუმი, 2019 წლის 2 დეკემბერი

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა - სახალხო კრებამ თანამდებობებიდან გადააყენა დე ფაქტო გენერალური პროკურორი ზურაბ აჩბა და მისი მოადგილე ესშოუ კაკალია.

თანამდებობიდან მათი გათავისუფლების წარდგინებით „სახალხო კრებას“ დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ 2 დეკემბერს მიმართა. იმავე საღამოს დე ფაქტო პარლამენტმა რიგგარეშე სხდომა მოიწვია და საკითხი ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტა. მიზეზად ის დასახელდა, რომ სოხუმში, დაახლოებით ორი კვირის წინ მომხდარი მკვლელობის გამო დღემდე არავინ დაუკავებიათ. ამავე მიზეზით, 2 დეკემბერს რაულ ხაჯიმბამ დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა გარი არშბა.

22 ნოემბერს, სოხუმის ცენტრში მდებარე რესტორან „სან რემოში“ ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ე.წ. კანონიერი ქურდები ასტამურ შამბა და ალხას ავიძბა. დაიჭრა ოთხი ადამიანი, მათ შორის, რესტორნის თანამშრომელი გოგონა დომენიკა აკირტავა, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია.