პერლ-ჰარბორის ისტორიულ სამხედრო ბაზაზე სამი ადამიანი დაჭრეს

პერლ ჰარბორის სამხედრო ბაზის ტერიტორია (საარქივო ფოტო)

ამერიკელმა საზღვაო ქვეითმა ცეცხლსასროლი იარაღით სამი ადამიანი დაჭრა ჰავაიზე მდებარე პერლ-ჰარბორის სამხედრო ბაზაზე და შემდეგ თავი მოიკლა.

სამივე დაჭრილი სამოქალაქო პირია. ტელეკომპანია NBC-ის ინფორმაციით, ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ინციდენტის გამო ამერიკული სამხედრო-საზღვაო ბაზის და მისი მიმდებარე ტერიტორია დროებით დაიკეტა. გამოძიებას სპეციალური სამსახურები ატარებენ. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ინციდენტის შესახებ ინფორმირებულია პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

7 დეკემბერს პერლ-ჰარბორის ბაზაზე დაგეგმილია იაპონიის ავიაციის თავდასხმიდან 78-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. 1941 წელს განხორციელებულ თავდასხმას, რომლის შემდეგ შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში ჩაერთო, 2400-მდე ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.