მაჟორიტარი დეპუტატის წინააღმდეგ აქცია ბათუმშიც გაიმართა

ბათუმის მერიის შესასვლელ კარზე სტიკერი, წარწერით „მონა“ გააკრეს მოძრაობა „ალტერნატივის“ წევრებმა. მერიის შენობაში ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატის, მუხრან ვახტანგაძის ბიურო მდებარეობს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ვახტანგაძეს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის სხვა დეპუტატებთან ერთად ეკისრება პასუხისმგებლობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად ინიცირებული საკონსტიტუციო კანონპროექტის ჩავარდნაზე. მუხრან ვახტანგაძე 14 ნოემბერს პარლამენტის სხდომას ესწრებოდა, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

„ალტერნატივის“ აქტივისტები ბათუმის მერიის შენობაში შესვლასაც ცდილობდნენ ბათუმის საკრებულოს დეპუტატის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნოდარ დუმბაძის მიერ გამოწერილი საშვით. დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეები შენობაში არ შეუშვა. მერიასთან საპატრულო პოლიციაც გამოიძახეს.

4 დეკემბერს, „ალტერნატივამ“ აქციები გამართა ხულოსა და შუახევის მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის ბიუროებთანაც.

საქართველოში 14 ნოემბრიდან მიმდინარეობს ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო მოძრაობების საპროტესტო აქციები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით. აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას უკვე მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს. კანონპროექტს ხმები თავად „ქართული ოცნების“ უმრავლესობიდან დააკლდა.