ეკა ბესელია 7-პუნქტიან გეგმას წარადგენს

ეკა ბესელია

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია საზოგადოებას სთავაზობს სასამართლო სისტემაში გასატარებელი მოკლევადიანი და გრძელვადიანი ღონისძიებების 7-პუნქტიან გეგმას. მისი შეფასებით, ამ გეგმაში ასახულია უზენაესი სასამართლოს 14 უვადო მოსამართლის დანიშვნის შემდეგ შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის კონკრეტული გზა. კერძოდ, ეკა ბესელიას შეფასებით, საჭიროა:

1 . შეჩერდეს ახალი მოსამართლეების შერჩევის პროცესი, როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ისე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში;

2. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაჩეროს სახალხო დამცველის მიერ გასაჩივრებული ის ნორმა, რომლის საფუძველზეც ხდება ახალი მოსამართლეების შერჩევა;

3. მომავალ კვირას ეკა ბესელია პარლამენტში წარადგენს კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის დაკომპლექტების შესაძლებლობა არ ჰქონდეს;

4. ეკა ბესელია მიმართავს პარლამენტს, კენჭი უყაროს კლანური მმართველობის შესახებ რეზოლუციის პროექტს;

5. ჩატარდეს კენჭისყრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გამოწვევის საკითხზე;

6. გაფორმდეს მემორანდუმი არჩევნების წინ პოლიტიკურ პარტიებს შორის საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე, რათა გაუქმდეს მოსამართლეთა უვადოდ არჩევის წესი, სახლში წავლენ ის მოსამართლეები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ კეთილსინდისიერებისა და მიუკერძოებლობის ტესტს;

7. მოსამართლეთა ვადიან წესზე გადაყვანის შედეგად სისტემაში მაღალი რეპუტაციისა და კარგი კვალიფიკაციის ახალი მოსამართლეები შევლენ, შეიცვლება იუსტიციის საბჭოს ფორმირებისა და კენჭისყრის წესი.

ეკა ბესელია კრიზისიდან გამოსვლის 7-პუნქტიან გეგმაზე მსჯელობას პროცესში თანამონაწილე ყველა სუბიექტს სთავაზობს.

საქართველოს პარლამენტმა 12 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 19 კანდიდატს უყარა კენჭი. კენჭისყრის შედეგად 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცეს.