საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკელი კონგრესმენების წერილის გამო უარყოფით ეფექტს არ ელის

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი არ ფიქრობს, რომ საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობაზე უარყოფითად აისახება საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის ამერიკელი კონგრესმენების მიერ გაგზავნილი კრიტიკული წერილი, რომელიც ქვეყანაში ბოლო ხანს განვითარებულ მოვლენებს ეხება.

დღეს, 17 დეკემბერს თბილისში, „ელჩების კონფერენციის“ დაწყებამდე ზალკალიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და მისი რჩევები ძალიან ფასეულია.

„ბუნებრივია, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები იწვევს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის მისვლას ვაშინგტონამდე. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს პარტნიორებთან იყოს სწორი კომუნიკაცია, მათ მიეწოდოთ ადეკვატური ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ჩვენ ამაზე გვექნება შესაბამისი კომუნიკაცია“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, ამერიკელი კონგრესმენების განცხადება უარყოფითად არ აისახება საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობაზე, რომელიც დღეს ძალიან მაღალ ნიშნულზეა: „რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორობა ამ განცხადებით არ კნინდება. პირიქით, ჩვენ გვაქვს ორპარტიული, მყარი მხარდაჭერა ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, როგორც საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან, ისე აღმასრულებელ დონეზე. როგორც არასდროს, მაღალ ნიშნულზეა ჩვენი თანამშრომლობა ვაშინგტონთან, რომლის დასტურიცაა უპრეცედენტო საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც იქნა ერთხმად მიღებული წარმომადგენლობით პალატაში. დარწმუნებული ვარ, ის ასევე, მხარდაჭერილი იქნება სენატში და აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან“.