სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა ქაცარავასთვის გირაოს შეფარდების შესახებ

„დასრულდა დღევანდელი სასამართლო სხდომა, რომელზეც პროკურორმა მოითხოვა ჩემთვის 5000-ლარიანი გირაოს შეფარდება“, - წერს ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერი დავით ქაცარავა „ფეისბუკზე“. მისი ინფორმაციით, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ქაცარავა წერს, რას ედავება მას პროკურატურა.

„20 აგვისტოს სოფელ ბობნევში ჩემზე განხორციელდა თავდასხმა.
როგორც აღმოჩნდა, თავდაცვაც დანაშაული აღმოჩნდა და პროკურატურამ წამიყენა ბრალი.

დღეს, სასამართლოს უნდა ემსჯელა და გამოეტანა გადაწყვეტილება ჩემთვის მოთხოვნილი გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით.
ჩვენდა გასაკვირად, მოსამართლე ლევან დარბაიძემ არ დაუკმაყოფილა პროკურორს მოთხოვნა გირაოსთან დაკავშირებით.
ეს გადაწყვეტილება იყო ობიექტური და ღირსეული“, - წერს ქაცარავა.

დავით ქაცარავაას საქმეზე სასამართლო პროცესი 11 თებერვალს გაიმართება.

დავით ქაცარავას გორის პოლიციის სამმართველოში ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც ძალადობას გულისხმობს.