დაკავებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომელი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი სპეციალისტი ლ.ლ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.ლ-მ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეს, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე, ელექტროშოკის აპარატით უკანონო თევზჭერის მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1 000 ლარი.

სუს-ის თანახმად, გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან 9 წლამდე ვადით.