ადამიანის თავისუფლების ინდექსში საქართველო 162 ქვეყნიდან 41-ე ადგილზეა

გამოქვეყნდა ადამიანის თავისუფლების ინდექსის 2019 წლის ანგარიში, რომელშიც კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საქართველო თავისუფლების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით 41-ე ადგილს იკავებს.

ინდექსი 2017 წლის მონაცემებს ასახავს და მსოფლიოს 162 ქვეყანას ფარავს. 0-დან 10-მდე შკალაზე - რომელზეც 10 მეტ თავისუფლებას აღნიშნავს - ადამიანის თავისუფლების საშუალო რეიტინგი 2017 წელს 6,89 იყო. წინა წელთან შედარებით საშუალო რეიტინგი მცირედით შემცირდა (-0,01), 70 ქვეყნის მაჩვენებელი გაუმჯობესდა, 88 ქვეყნის - გაუარესდა.

პირველ 10 ადგილს იკავებს: ახალი ზელანდია, შვეიცარია, ჰონგ კონგი, კანადა, ავსტრალია, დანია და ლუქსემბურგი, ფინეთი და გერმანია, ირლანდია. საქართველო რეიტინგში 41-ა. ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვთ იემენს, ვენესუელასა და სირიას.

პერსონალური თავისუფლების ნაწილში საქართველო 59-ე ადგილს იკავებს, ხოლო ეკონომიკური თავისუფლების ნაწილში - მე-12 ადგილს. ყველაზე დაბალი ქულა (4,1) საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდიკატორში ერგო.

მეტი თავისუფლების მქონე ქვეყნების ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი გაცილებით მაღალია (საშუალოდ $40,171), ვიდრე ნაკლები თავისუფლების მქონე ქვეყნებში (საშუალოდ $15,721).

ადამიანის თავისუფლების ინდექსი ადამიანის თავისუფლების ფართე საზომია. მეხუთე ყოველწლიური ინდექსი პერსონალური და ეკონომიკური თავისუფლების 76 ინდიკატორს იყენებს, როგორებიცაა:

  • კანონის უზენაესობა
  • თავდაცვა და უსაფრთხოება
  • მოძრაობა
  • რელიგია
  • შეკრება და სამოქალაქო უფლებები
  • გამოხატვა და ინფორმაცია
  • იდენტობა და ურთიერთობები
  • მთავრობის ზომა
  • სამართლებრივი სისტემა და საკუთრების უფლება
  • საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება
  • კრედიტების, შრომისა და ბიზნესის რეგულაცია

ანგარიში აშშ-ის კატონის ინსტიტუტის, ფრეიზერის სახელობის ინსტიტუტის, „ლიბერალეს ინსტიტუტისა“ და ფრიდრიხ ნაუმანის თავისუფლების ფონდის მხარდაჭერით გამოქვეყნდა.