მოსკოვის სასამართლომ პატიმრობა გაუგრძელა ამერიკელ ყოფილ საზღვაო მედესანტეს

მოსკოვის სასამართლომ 29 მარტამდე გაუგრძელა პატიმრობა ამერიკელ პოლ უილანს, ყოფილ საზღვაო მედესანტეს, რომელსაც ჯაშუშობაში ადანაშაულებენ, - იუწყება სააგენტო „ინტერფაქსი“ 24 დეკემბერს.

უილანი აშშ-ის, ბრიტანეთის, კანადისა და ირლანდიის მოქალაქეა, ის რუსეთის უშიშროებამ დააკავა მოსკოვში, სასტუმროს ნომერში, 2018 წლის 28 დეკემბერს.

სასამართლოს გადაწყვეტილებას ერთი დღით უსწრებდა წინ აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატის მიმართვა რუსეთის ხელისუფლებისადმი უილანის გათავისუფლების თხოვნით. აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ბარტ გორმანმა მოსკოვის ციხის დატოვების შემდეგ თქვა, რომ 49 წლის უილანი პატიმრობაში რჩება „მტკიცებულების და დანაშაულის გარეშე“.

ამ საქმემ კიდევ უფრო გააღრმავა დაძაბულობა მოსკოვსა და დასავლეთს შორის.