87 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი და რეჟისორი გალინა ვოლჩეკი

რუსეთში 87 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი და რეჟისორი,მოსკოვის თეატრ "სოვრემენნიკის" ერთ-ერთი დამაარსებელი გალინა ვოლჩეკი. ამის შესახებ თეატრის ვებსაიტი იუწყება.

ვოლჩეკი დაიბადა მოსკოვში, ცნობილი კინორეჟისორის და ოპერატორის, ბორის ვოლჩეკის ოჯახში. დაამთავრა "მხატის" სამსახიობო ფაკულტეტი. იყო "სოვრემენნიკის" ერთ-ერთი დამაარსებელი - პირველი თეატრისა საბჭოთა კავშირში, რომელიც ახალგაზრდა მსახიობების ინიციატივით შეიქმნა. წლების განმავლობაში იყო ამ თეატრის წამყვანი მსახიობი. 1961 წლიდან მუშაობდა რეჟისორად.

ვოლჩეკი იყო საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მიღებული ჰქონდა შრომის გმირის წოდება, სახელმწიფო პრემია და რუსეთის პრეზიდენტის პრემია. იყო სახელმწიფო სათათბიროს მეორე მოწვევის დეპუტატი, მოძრაობიდან "რუსეთი-ჩვენი სახლია".