„მკვლელი პუტინი“ - სკანდირებდნენ სტამბოლში გამართულ ანტისაომარ აქციაზე

დევნილთა ნაკადი იდლიბიდან

სტამბულში შაბათს გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები გმობდნენ სირიის არმიის ფართომასშტაბიან შეტევას იდლიბის პროვინციაში. რამდენიმე ასეული დემონსტრანტი, ძირითადად თურქეთში მცხოვრები სირიელები, სკანდირებდნენ პუტინის საწინააღმდეგო მოწოდებებს, კერძოდ, „მკვლელი პუტინი!“ „გაეთრიე სირიიდან!“.

სირიის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე პროვინცია იდლიბში ბოლო ორი კვირის განმავლობაში 235 ათასმა ადამიანმა მიატოვა საკუთარი სახლ-კარი რუსეთის ავიაციის დახმარებით სირიის სამთავრობო ჯარების მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი იერიშების შედეგად. შესაბამისი მონაცემები პარასკევს გაერომ გამოაქვეყნა.

შუა დეკემბრიდან ბაშარ ალ ასადის არმიამ განაახლა იერიში პროვინცია იდლიბში, მდინარე ევფრატის დასავლეთით მდებარე რაიონში, რომელსაც სირიის შეიარაღებული ოპოზიცია აკონტროლებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოუწოდა სირიას და მის მოკავშირეებს, რუსეთსა და ირანს, შეწყვიტონ შეტევა.