Reuters: დასავლეთის სპეცსამსახურების პირველადი შეფასებით, "ბოინგს" ტექნიკური პრობლემა შეექმნა

"უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ცხედრები. 2020 წლის 8 იანვარი

ირანში „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ სამგზავრო „ბოინგის“ კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა და ის რაკეტით არ ჩამოუგდიათ - სააგენტო Reuters-ის ცნობით, ასეთია დასავლეთის სპეცსამსახურების პირველადი დასკვნა.

სააგენტო ეყრდნობა უსაფრთხოების სტრუქტურებში ხუთ წყაროს - სამ ამერიკელს, ერთ კანადელს და ერთ ევროპელს, რომლებმაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს. კანადელი წყაროს ინფორმაციით, არსებობს მტკიცებულება, რომ თვითმფრინავის ერთ-ერთი ძრავი გადახურებული იყო.

"უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" სამგზავრო „ბოინგი 737,“ რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, 8 იანვარს, აფრენიდან მალევე ჩამოვარდა თეირანის აეროპორტის მახლობლად.

თვითმფრინავში იმყოფებოდა ეკიპაჟის 9 წევრი და 167 მგზავრი, მათგან 26 ბავშვი. ყველა მათგანი დაიღუპა. უკრაინის 11, ირანის 82, კანადის 63, შვედეთის 10, ავღანეთის 4, გერმანიის 3 და დიდი ბრიტანეთის 3 მოქალაქე.

ირანული მხარის პირველადი ვერსიით, კატასტროფა ძრავში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია. „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ აცხადებს, რომ თვითმფრინავი სრულ წესრიგში იყო და მას გამოცდილი ეკიპაჟი მართავდა.

8 იანვარს, სხვადასხვა წყაროთი ვრცელდებოდა ვერსია იმის შესახებ, რომ "ბოინგს" შეცდომით მოხვდა ირანული რაკეტა. ავიაკატასტროფამდე რამდენიმე საათით ადრე ირანმა სარაკეტო იერიში განახორციელა ერაყის ბაზებზე, სადაც ამერიკელი სამხედროები იმყოფებიან.