"TV პირველის" მფლობელის ინფორმაციით, ინკასოს მოსახსნელად სესხი აიღეს

“TV პირველის“ საბანკო ანგარიშებს ინკასო მოეხსნა. ამის შესახებ ფეისბუკზე დაწერა ტელეკომპანიის მფლობელმა ვახტანგ წერეთელმა. მისი ინფორმაციით, „ინკასო მოხსნილია. სესხით, არხისთვის მძიმე ტვირთით, თუ როგორ, ამას მნიშვნელობა არ აქვს“.

ვახტანგ წერეთელი ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს მიმართავს: ​„გადავიხადეთ. ვიცით თავისუფლების ფასი. ერთი ადგილიც გვაქვს დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ვალშიც არავისთან ვრჩებით. ბატონო მინისტრო, როგორც თქვენ ბრძანებთ, ერთი ადგილია საჭირო. მოდით, დავიწყოთ ჩელენჯი - TV პირველი იხდის გადასახადებს და ვიწვევ სახელისუფლებო არხებს, გადაიხადონ მილიონები. ველოდები მინისტრის პრინციპულობას, რომ ყველას ჩაარიცხინებს ხალხის კუთვნილ ფულს ბიუჯეტში. ბატონო მინისტრო - წამზომი ჩაირთო!“

2019 წლის 25 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტრომ ინკასო დაადო „კავკასიის“, „TV პირველისა“ და „რუსთავი 2“-ის ანგარიშებს. მანამდე, 23 დეკემბერს სამინისტრომ განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ აფრთხილებს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანების მქონე ტელეკომპანიებს და ერთი დღის ვადას აძლევს 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხის დასაფარად.

"პირველის" და "კავკასიის" ხელმძღვანელებმა ფინანსთა სამინისტროს "უსამართლო გადაწყვეტილება" დაუკავშირეს ხელისუფლების მიმართ ტელეკომპანიების კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკას და დაინტერესდნენ, რატომ არ არის მიღებული ანალოგიური ზომა ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ, რომელსაც მრავალმილიონიანი დავალიანება აქვს. თავის მხრივ, "იმედმა" განაცხადა, რომ მას ბიუჯეტის მიმართ მიმდინარე დავალიანება არ გააჩნია.