ელისაბედ მეორემ მოიწონა ბრექსიტის თაობაზე კანონპროექტი და მან კანონის ძალა შეიძინა

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ მოიწონა ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის თაობაზე კანონპროექტი, რომელიც მანამდე პარლამენტმა მიიღო. დოკუმენტმა კანონის ძალა შეიძინა. ის ითვალისწინებს, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 31 იანვარს, ლონდონის დროით 23 საათზე დატოვებს.

კანონი ემყარება შეთანხმებას, რომელსაც მანამდე მიაღწიეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა და ევროკავშირის ლიდერებმა. შეთანხმება ევროპარლამენტმაც უნდა მოიწონოს. როგორც ვარაუდობენ, ეს 29 იანვარს მოხდება.

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ტოვებს სამნახევარი წლის შემდეგ ბრექსიტის შესახებ რეფერენდუმიდან, რომელზეც ამომრჩეველთა უმრავლესობამ ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი.