კორონავირუსის ეჭვის გამო, იაპონიის აკვატორიაში მყოფ საკრუიზო გემზე კარანტინი გამოცხადდა

იაპონიის ქალაქ იოკოჰამის პორტში მყოფ საკრუიზო ლაინერზე „ბრილიანტის პრინცესა“ კარანტინი გამოცხადდა, მას შემდეგ, რაც გემიდან ჩასულ ერთ-ერთ მგზავრს კორონავირუსი აღმოაჩნდა.

იაპონური მედიის ინფორმაციით, 80 წლის მამაკაცს, რომელიც გემის ბორტიდან ჰონ-კონგში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა, კორონავირუსი 3 თებერვალს დაუდგინეს. საკრუიზო ლაინერზე 3500 ადამიანი იმყოფება. საინფორმაციო სააგენტო „კიოდოს“ ცნობით, თავს შეუძლოდ გრძნობს სულ მცირე 7 ადამიანი. ანალიზის შედეგები 24 საათის განმავლობაში უნდა გაირკვეს.

პნევმონიის გამომწვევი კორონავირუსის 2019-nCoV გავრცელება დეკემბრის ბოლოდან დაიწყო ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან. 4 თებერვლისთვის ჩინეთში დადასტურებულია გარდაცვალების 425 შემთხვევა, ერთი ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რაიონის სტატუსის მქონე ჰონ-კონგში და ერთი ფილიპინებზე.

ჩინეთის ხელისუფლებამ 3 თებერვალს, საღამოს განაცხადა, რომ ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 3235-ით გაიზარდა. სულ დაფიქსირებულია 20438 შემთხვევა.

კორონავირუსით დაავადების საერთო ჯამში, ორასამდე შემთხვევა დადასტურებულია მსოფლიოს კიდევ 25-მდე ქვეყანაში.

ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელების გამო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას საგანგებო მდგომარეობა აქვს გამოცხადებული.