კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 900-ს გადააჭარბა

ჩინეთის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში 908-ს მიაღწია პნევმონიის გამომწვევი კორონავირუსით 2019-nCoV გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა. დღემდე ერთი ადამიანია გარდაცვლილი ჰონ კონგში, რომელსაც ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რაიონის სტატუსი აქვს და ერთი ფილიპინებზე.

ახალი სახეობის ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა გადააჭარბა 2002-2003 წლებში, კორონავირუსით SARS გარდაცვლილთა რაოდენობას. ამ ვირუსმა 800-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ოფიციალური ინფორმაციით, ჩინეთის ტერიტორიაზე 2019-nCoV-ით დაავადებულია 40171 ადამიანი. საავადმყოფოებში მკურნალობს დაახლოებით 36 ათასი. მათგან 6 500-ის მდგომარეობა მძიმეა. კლინიკებიდან გაწერეს 3 300 ადამიანი.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით დაავადების შემთხვევებია 25-მდე ქვეყანაში.

პნევმონიის გამომწვევი კორონავირუსის 2019-nCoV გავრცელება დეკემბრიდან დაიწყო ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან. გარდაცვალების შემთხვევების უმრავლესობა ამ პროვინციაში დაფიქსირდა.

ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელების გამო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას საგანგებო მდგომარეობა აქვს გამოცხადებული.