TDI: გაუგებარია, საპატრიარქოს რა რელიგიური შინაარსის ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ტყეების ფლობასთან

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) განცხადებას ავრცელებს დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილების შესახებ, რომელიც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია–მონასტრების გარშემო ტყეების საკუთრების უფლებით გადაცემის საშუალებას იძლევა.

საკანონმდებლო ცვლილებების შინაარსი

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ცვლილებათა პაკეტის ინიციატორია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. „სახელმწიფო ქონების შესახებ” კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს კოდექსში ცვლილებების ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი (არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში) და ასევე, საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები. მიჩენილ ტერიტორიაში იგულისხმება ტყის ფართობი, რომლის მესაკუთრე არის სახელმწიფო, თუმცა საერთო მართვის უფლებამოსილება აქვს საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად. შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, საპატრიარქოს შეიძლება საკუთრებაში გადაეცეს როგორც ახალი, ასევე აქამდე მიჩენილი ტერიტორიები.

დღეს მოქმედი საქართველოს ტყის კოდექსით საქართველოს საპატრიარქოს შეუძლია იყოს ტყის ფონდის მესაკუთრე (მე–9 მუხლი), ასევე სახელმწიფოსთან ერთად, ჰქონდეს მიჩენილი ტერიტორიების მართვის უფლება. თუმცა, ტყის კოდექსი საპატრიარქოსთვის ტყის ფართობის მხოლოდ მიჩენის (მართვის) პროცედურებს აწესრიგებს. საკანონმდებლო ცვლილებების ერთ–ერთი მიზანი კი ტყის ტერიტორიის საკუთრების უფლებით გადაცემის პროცედურების განსაზღვრაა. „ტყის კოდექსის” კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ტყის ფართობის საკუთრებაში გადაცემა ხდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით.

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, საქართველოს საპატრიარქოს ქონება შეიძლება გადაეცეს სასყიდლით. როგორც TDI მიუთითებს, სასყიდლით გადაცემა შესაძლოა, მოხდეს სიმბოლურ ფასადაც, მათ შორის, 1 ლარად.

სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, ცვლილებების შემუშავება საპატრიარქოსთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყვიტეს და ის არ არის დისკრიმინაციული.

დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შეფასება

TDI–ის პოზიციით, აღნიშნული ინიციატივა დამატებით ქონებრივ და ფინანსურ პრივილეგიებს ანიჭებს დომინანტ რელიგიურ ორგანიზაციას, არღვევს სახელმწიფოსა და რელიგიის გამიჯვნის კონსტიტუციურ პრინციპს და აღრმავებს საქართველოს სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ არსებულ უთანასწორობას.

2018 წელს TDI-სა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ რელიგიური გაერთიანებების სახელით წარდგენილ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა: „[მართლმადიდებელი] ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება დაკავშირებულია მის ისტორიულ ღვაწლთან და არ ემსახურება მართლმადიდებელი ქრისტიანული რელიგიისთვის პრივილეგირებული სამართლებრივი მდგომარეობის შექმნას აწმყოში”. სასამართლომ სწორედ სახელმწიფო ქონების კანონის ის ნორმა მიიჩნია დისკრიმინაციულად და ცნო არაკონსტიტუციურად, რომელიც მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უშვებდა სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ მიღების შესაძლებლობას.

„გაუგებარია, საპატრიარქოს რა რელიგიური შინაარსის ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ტყეების საკუთრების უფლებით ფლობასთან დაკავშირებით. საპატრიარქო სახელმწიფოსგან ყოველწლიურად იღებს დიდი მასშტაბის უძრავ ქონებას - მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებს. სხვადასხვა მონაცემზე დაყრდნობით, დღემდე სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონება 64 კვ. კმ–მდე ფართობს მოიცავს, ხოლო ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტებიდან ყოველწლიური დაფინანსება დაახლოებით 30 მილიონ ლარს აღწევს. საპატრიარქო ასევე გათავისუფლებულია გადასახადებისგან, მაგალითად, ის არ იხდის მიწის გადასახადს მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონებისა და დაფინანსების მასშტაბი იზრდება წინაასარჩევნო პერიოდებში, რაც ხელისუფლების მხრიდან გავლენიანი ინსტიტუტის მიერ პოლიტიკური მხარდაჭერის სურვილით შეიძლება აიხსნას“, - ნათქვამია განცხადებაში.