საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი მოითხოვს, შეიქმნას პარლამენტში ჯგუფი, რომელიც შეისწავლის ირაკლი შოთაძის საქმიანობას ორი ფაქტის გარშემო.
„სად გაგონილა, რომ ორი კერძო პირის საქმის გარჩევას ესწრებოდეს გენერალური პროკურორი? ასევე, რამდენად ეთიკურად მიგაჩნიათ ის ამბავი, რომ ადამიანმა დაიწყო გამოძიება „სილქ-ჯგუფის“ წინააღმდეგ, შემდეგ თვითონ დახურა ეს საქმე, ბოლოს კი ამ ჯგუფის კონსულტანტად მოგვევლინა? თუ პარლამენტს ეყოფა ინსტიტუციური გამბედაობა, მოვითხოვ, გავაკეთოთ ამ ორივე ფაქტის მოკვლევის ჯგუფი“, - განაცხადა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ლევან გოგიჩაიშვილმა, რომლის თქმითაც, ირაკლი შოთაძე იმყოფებოდა იმ ადამიანების კოლონაში, რომლებსაც 2012 წელს უნდა ეზეიმათ „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვება:
„ყველა ჯალათობაში აქვს მიღებული მონაწილეობა, რაც სააკაშვილის დროს ხდებოდა... თუ თქვენ ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავთ, კი ბატონო, ეს თქვენი უფლებაა, ეს თქვენი არჩევანია და შეგიძლიათ იძახოთ, რომ შოთაძე, გაბინაშვილი, ჩინჩალაძე და ალანია ემსახურებოდნენ სახელმწიფოს და არა სააკაშვილს“.
ლევან გოგიჩაიშვილს ბიუროს სხდომაზე სიტყვიერად დაუპირისპირდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი სესიაშვილი.
კამათი მოჰყვა ლევან გოგოჩაიშვილის მიერ გამოთქმულ კრიტიკას:
„პარლამენტში მინისტრები რომ მოდიან, გაღიმებული სახეებით კი არ უნდა მოდიოდნენ, უნდა ეშინოდეთ იმ პასუხისმგებლობის, რაც მათ პარლამენტმა დააკისრა. არანაირი პატივისცემა ამ პარლამენტში არ არსებობს“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
ირაკლი სესიაშვილმა მოუწოდა კოლეგას, პოლიტიკური განცხადებები პლენარულ სხდომაზე გააკეთოს:
„ბიუროზე მაგის განხილვის ადგილი არ არის. ბიუროზე განვიხილავთ პროცედურულ საკითხებს. სამშაბათს, პოლიტიკური განცხადებებისას თქვი ეს ყველაფერი“.
სესიაშვილის მიმართვამ ლევან გოგიჩაიშვილის გაღიზიანება გამოიწვია. მან სესიაშვილს მოუწოდა, ძალოვან უწყებებში არსებულ კორუფციას მიხედოს.
„შენ შენს საქმეს მიხედე, რაც გევალება. მიხედე თავდაცვის სამინისტროში კორუფციას, სუს-ში კორუფციას, პროკურატურაში კორუფციას. ნუ განმისაზღვრავ შენ, სად რა ვილაპარაკო“, - უპასუხა გოგიჩაიშვილმა სესიაშვილს.