სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ამერიკელი სამხედროც დაავადდა

სამხრეთ კორეის სანიტარული სამსახურის სპეციალისტები დეზინფექციას ატარებენ სეულის ბაზარში

სამხრეთ კორეამ, რომელიც კორონავირუსით(COVID-19) დაავადებულთა რაოდენობით ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა, ინფიცირების კიდევ 169 ახალი შემთხვევა დაადასტურა. მათ შორის კორონავირუსი აღმოაჩნდა კემპ-კეროლის ამერიკული სამხედრო ბაზის ჯარისკაცს. 23 წლის სამხედრო მოსამსახურე ბაზის ტერიტორიის მიღმა, კარანტინში მოათავსეს.

169 ახალი შემთხვევიდან 134 გამოვლენილია ქალაქ დეგუში, სადაც კორონავირუსი სწრაფად გავრცელდა ერთ-ერთი აპოკალიფსური სექტის წევრებს შორის. სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამჟამად ამოწმებს სექტის 200 ათასზე მეტ წარმომადგენელს.

26 თებერვლის დილის მდგომარეობით, სამხრეთ კორეაში კორონავირუსით დაავადდა სულ 1146 ადამიანი. 10 გარდაიცვალა.