იტალიაში 10 დღით დაიხურა ყველა სკოლა და უნივერსიტეტი

ხალხი მილანის ცენტრში.

იტალიის ხელისუფლებამ დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში 10 დღით იკეტება ყველა ადგილობრივი სკოლა და უნივერსტიტეტი. დღემდე იტალიაში კორონავირუსს 107 ადამიანი ემსხვერპლა.

ეპიდემიის შეჩერებისკენ მიმართული ზომები მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განიხილეს.

მანამდე იტალიაში დაკეტეს სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები ჩრდილოეთის რაიონებში, რომლებშიც ყველაზე მეტად არის დაავადება გავრცელებული. იქ ზოგ ქალაქში ასევე მკაცრი საკარანტინო ზომები მოქმედებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ამჟამად იტალია ეპიდემიოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ქვეყანაა სამხრეთ კორეასთან და ირანთან ერთად. იტალიაში დაავადებულთა საერთო რაოდენობა 3100-ს უახლოვდება.

მსოფლიოში ამჟამად კორონავირუსით გარდაცვლილია დაახლოებით 3200 ადამიანი, დაავადებულია 90 ათასზე მეტი.

კორონავირუსული ინფექცია COVID-19-ით დაავადების შემთხვევები აღრიცხულია 81 ქვეყანაში.