ძიუდოში თბილისის გრან პრი აღარ გაიმართება

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ კორონავირუსის გაზრდილი რისკის გამო, მარტსა და აპრილში გასამართი საერთაშორისო ტურნირები გააუქმა. ჩამონათვალში მოხვდა მსოფლიო ტურის სამი შეჯიბრება: ეკატერინბურგის გრან სლემი, თბილისის გრან პრი და ანთალიის გრან პრი. ამ ტურნირებზე მედლების გარდა, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სარეიტინგო ქულებიც თამაშდებოდა.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეს გრან პრისთვის 27-29 მარტს უნდა ემასპინძლა და წინასწარი მონაცემებით, მომავალი ტურნირი ბოლო წლებისაზე გაცილებით საინტერესო და სანახაობრივი უნდა გამოსულიყო, რადგან განაცხადში უჩვეულოდ ბევრი - 89 ქვეყნის დელეგაცია ჩაეწერა. მონაწილეთა შორის იყო ოლიმპიური თამაშების ორგზის, მსოფლიოს ათგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი ტედი რინერი.