კვლავ დადებითი შედეგი აქვს პაციენტს, რომელსაც საქართველოში პირველად აღმოაჩნდა კორონავირუსი

პაციენტი, რომელსაც საქართველოში კორონავირუსი (COVID-19) პირველად დაუდგინეს, კვლავ ვირუსის მატარებელია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, „მოხდა პირველი შემთხვევის განმეორებითი ტესტირება. ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიხედვით, ვირუსული დატვირთვა შემცირებულია, თუმცა მაინც დადებითია“.

კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი საქართველოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით 26 თებერვალს შემოვიდა.

11 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით დასნებოვნდა 23 ადამიანი.