კორონავირუსის გამო, სომხეთში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რათა შენელდეს ახალი კორონავირუსის გავრცელება.

სომხეთის იუსტიციის მინისტრმა, რუსტამ ბადასიანმა მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე გამოაცხადა: "საგანგებო მდგომარეობა ცხადდება მთელ რესპუბლიკაში, 16 მარტის საღამოს 5 საათიდან 16 აპრილის დილის 9 საათამდე".

სომხეთში ჯერჯერობით ვირუსის 30 შემთხვევაა აღრიცხული. ერთი პაციენტი განიკურნა, 300-ზე მეტი კარანტინშია მოთავსებული. ახალი კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები აღრიცხული არ არის.

ახალ ვირუსთან ბრძოლის მიზნით, სომხეთმა და რუსეთმა მოილაპარაკეს სამგზავრო რეისების შეწყვეტაზე ორი კვირის განმავლობაში, - იუწყება სომხეთის მთავრობის პრესსამსახური 16 მარტს.

დახურულია სომხეთის საზღვრები საქართველოსა და ირანთან.