მაია ცქიტიშვილი: შეზღუდვების გარეშე ჩვენს ეკონომიკაზე გავლენა უფრო დიდი იქნება

საქართველოს ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გადასალახად აუცილებელია მთავრობის გაცემული რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება. ამის შესახებ მან მთავრობაში ჩანიშნულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"შემზღუდავი ღონისძიებების გარეშე ჩვენს ეკონომიკაზე გავლენა უფრო დიდი იქნება. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა მივმართო მოსახლეობას და ბიზნესსექტორს, რომ აუცილებელია ამ რეკომენდაციების დაცვა, რათა ჩვენ ძალიან სწრაფად შევამციროთ შესაძლო რისკები და გადავლახოთ კრიზისი", - თქვა მან.

მისი თქმით, თუ ეს შეზღუდვები არ იქნება საკმარისი, კიდევ უფრო გამკაცრების გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 44 შემთხვევა ფიქსირდება. ეპიდემიური საფრთხის გამო შეიზღუდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყანაში შემოშვება, დაიკეტა სავაჭრო ცენტრები, შეწყდა მიკროავტობუსებით მიმოსვლა და საჯარო სკოლებსა და ბაღებში არდადეგები გამოცხადდა.