საქართველოში სასწავლო პროცესი 21 აპრილამდე არ განახლდება

კორონავირუსის COVID-19 გავრცელების გამო, საქართველოში სასწავლო პროცესის განახლება 21 აპრილამდე გადაიდო. დღემდე ეს ვადა 1 აპრილამდე მოქმედებდა.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაწესებული შეზღუდვა ეხება ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს სასწავლებლებს. მათ, შესაძლებლობის შემთხვევაში უნდა გამოიყენონ დისტანციური სწავლების საშუალებები.

2020 წლის 21 აპრილამდე საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ადმინისტრაციები უნდა იყვნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანი აუცილებლობის გარდა. იკრძალება ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი, გარდა დისტანციური ფორმისა.

კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ამ ეტაპზე ძალაშია 21 აპრილამდე.

23 მარტის 15:00 საათის მონაცემებით, საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 54 შემთხვევა. მათგან 8 გამოჯანმრთელდა.