ჰასან როჰანიმ IMF-ს მოუწოდა, თეირანს მისცეს მილიარდობით დოლარის მოცულობის სასწრაფო კრედიტი

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ საერთაშორისო სავალუტო ფონდს (IMF) მოუწოდა, თეირანს მისცეს მილიარდობით დოლარის მოცულობის სასწრაფო კრედიტი, რომელიც ადრე ითხოვა კორონავირუსის გავრცელებასთან საბრძოლველად.

„ჩვენ IMF-ის წევრი ვართ... არ უნდა არსებობდეს არანაირი დისკრიმინაცია კრედიტების გაცემაში“, თქვა როჰანიმ 8 აპრილს, მთავრობის კაბინეტის სხდომაზე, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა.

გასულ თვეში ირანის ცენტრალურმა ბანკმა IMF-ს ე.წ. სწრაფი დაფინანსების ფონდიდან 5 მილიარდი დოლარი სთხოვა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად. ირანი პანდემიისგან ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაზარალებული ქვეყანაა. ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 65200-ს გადააჭარბა, გარდაიცვალა 3800. მრავალი ექსპერტის აზრით, თეირანის ეს ოფიციალური ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და ბევრად უფრო მაღალი უნდა იყოს.

ეპიდემიამ კიდევ უფრო მეტი ზიანი მიაყენა ირანის ეკონომიკას, რომელიც უკვე დააზარალა აშშ-ის სანქციებმა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონი გამოვიდა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მიღწეული შეთანხმებიდან.