ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში საკონტროლო გამშვები პუნქტები ამოქმედდა

ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში საკონტროლო გამშვები პუნქტები 10 აპრილს, დილიდან ამოქმედდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, პუნქტები საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გაძლიერებული კონტროლის მიზნით მოეწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, უწყების თანამშრომლები,თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად 24 საათის განმავლობაში მონიტორინგს გაუწევენ აღნიშნული მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და უზრუნველყოფენ საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას. მოქალაქეებს საკონტროლო გამშვებ პუნქტებში ჩაუტარდებათ ასევე პირველადი თერმოსკრინინგიც.

„ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მიმდინარეობს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეში სტუმრად მყოფი იმ 56 წლის მამაკაცის კონტაქტების დადგენა, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, მასთან ახლო კონტაქტში მყოფი 35 პირია თვითიზოლაციაში.

10 აპრილის 13 საათის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსით ინფიცირების სულ 230 შემთხვევა. მათგან 54 გამოჯანმრთელდა. 3 გარდაიცვალა.