მედიცინის ინსტიტუტის ექიმის ინფიცირების წყარო უცნობია

თბილისის მედიცინის ინსტიტუტის ექიმის კორონავირუსით ინფიცირების წყარო ამ ეტაპისთვის ცნობილი არ არის, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისი სიტყვებით, მიმდინარეობს მოკვლევა.

„ყველა ის პირი, რომელიც იმყოფებოდა ექიმთან კონტაქტში, ამ ეტაპზე არის საკარანტინო ზონაში. გარკვეული პირები, რომლებსაც აღენიშნებოდათ სიმპტომატიკა, არიან უკვე გატესტილები, მაგრამ მათი პასუხი არის უარყოფითი, ეს არის ძალიან მნიშველოვანი და კეთლსაიმედო პროგნოზი, ყოველივე აქედან გამომდინარე“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი სიტყვებით, დანარჩენი პირები იმყოფებიან დაკვირვების რეჟიმში, ეპიდსამსახური მუშაობს ინფიცირების წყაროს გამოსავლენად და კონტაქტების მოსაძიებლად.

13 აპრილის 15:30 საათის მდგომარეობით, საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 266 შემთხვევა. მათგან 67 გამოჯანმრთელდა. 3 გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

საზღვარგარეთ გარდაცვლილია საქართველოს 6 მოქალაქე.