პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა 82 წლის ქალმა დატოვა

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, დღეს,16 აპრილს კლინიკიდან გაეწერა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 82 წლის პაციენტი:

"რამდენიმე პაციენტმა დატოვა კოვიდინფექციის გარეშე კლინიკა, მათ შორის არის ქალბატონი, 82 წლის, რომელიც მკურნალობდა რეანიმაციის განყოფილებაში. მწვავე რესპირატორული დისტრესის, გულის უკმარისობით გამოწვეული სხვადასხვა გართულებებით“, - უთხრა ჟურნალისტებს ლევან რატიანმა. მისი თქმით, დღეს საავადმყოფო გამოჯანმრთელებულმა დატოვა ასევე ორსულმა ქალმა.

„სულ კლინიკაში გვყავდა ორი ორსული, ერთი წავიდა გუშინ, ერთი წავიდა დღეს”, - აღნიშნა ლევან რატიანმა. მისი განმარტებით, ამ დროისათვის საუნივერსიტეტო კლინიკაში 91 პაციენტია, მათგან ახალი კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზი 82-ს აქვს. ლევან რატიანის თანახმად, რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი 9 პაციენტიდან, 5-ის მდგომარეობაა კრიტიკული, კრიტიკული პაციენტებიდან 3-ის შეთხვევაში კი დაავადება უარყოფითი დინამიკით მიმდინარეობს.

16 აპრილის 19 საათის მონაცემებით, საქართველოში covid-19-ის 336 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან გამოჯანმრთელდა 74. გარდაცვლილია-3.