თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში განთავსებული ექვსივე ბავშვი ქობულეთის კლასტერს განეკუთვნება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ, 16 აპრილს შეიყვანეს ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 6 წლის ბავშვი. იგი ერთ-ერთი პაციენტის ოჯახის წევრია. ექიმის განმარტებით ამ დროისათვის კლინიკაში 6 ბავშვი მკურნალობს და ექვსივე ქობულეთის კლასტერს განეკუთვნება:

„მათი მდგომარეობა არ არის რთული, ამ ეტაპზე სტაბილური სიტუაციაა, დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება და ალბათ გამოჯანმრთელების მხრივ პრობლემები არ გვექნება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისი განმარტებით, ამ დროისათვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ-19-ით ინფიცირებული 39 პაციენტი მკურნალობს. მათგან კრიტიკული იყო 2 პაციენტის მდგომარეობა, თუმცა მარინა ეზუგბაიას თანახმად, მათთან დაავადების პროგრესირება აღარ შეინიშნება და მათი მდგომარეობა უმჯობესდება.

17 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში 348-დან 370-მდე გაიზარდა კორონავირუს COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 პაციენტი.

საქართველოში თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე დაფიქსირებული სულ 370 შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 77. გარდაცვლილია 3.