ნათია მეზვრიშვილი: მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს

საქართველოს მთავრობა ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებულ ნაბიჯებს 24 აპრილს წარადგენს. ამის შესახებ პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, ანტიკრიზისული გეგმა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს. ესენია: პანდემიის ეგრეთ წოდებული კომპენსაციის გეგმა, ანუ მიზნობრივი სოციალური დახმარების ანტიკრიზისული გეგმა; ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისული გეგმა და შეზღუდვების თანმიმდევრული ეტაპობრივი შემსუბუქების და ეკონომიკის გახსნის გეგმა.

რაც შეეხება პოსტკრიზისულ გეგმას, ნათია მეზვრიშვილის თანახმად, ამაზე მუშაობა გრძელდება და საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით მიეწოდება.

საქართველოს პარლამენტი ამ წუთებში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების საკითხს განიხილავს. მთავრობა შეზღუდვების ერთი თვით გაგრძელებას ითხოვს.