ვინ, სად, როდის და როგორ უნდა ვისეირნოთ პანდემიის დროს?

“დატოვეთ სახლი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში” - სისტემატურად მოგვიწოდებენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, თუმცა ქალაქების დიდ პარკებსა და სკვერებში ხალხი ისევ სეირნობს. ზოგი ამბობს, რომ ეს ჯგუფები, კორონავირუსის გავრცელების გარდაუვალ წყაროს ქმნიან, ზოგი კი ასეთ თავშეყრაში პრობლემას ვერ ხედავს თუკი დისტანციის დაცვა მოხდება.

აკრძალულია თუ არა პარკებში სიარული?

ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად სხვადასხვა უწყებაში ურთიერთგამომრიცხავი პასუხები მივიღეთ.

მთავრობის ცხელი ხაზი - 144:

“იმისთვის, რომ თავშეყრა არ დაფიქსირდეს დროებით დაიკეტა მზიური, ვაკის პარკი და სხვა დიდი პარკები. სეირნობისგან არ იზღუდება მოქალაქე სკვერებსა და ბაღებში. მთავარია მათ შორის იყოს ორმეტრიანი დისტანცია, რომ დაცული ვიყოთ დაინფიცირებისგან. შეგიძლიათ მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე პარკების შესახებ მოიძიოთ ინფორმაცია ან მერიის ცხელ ხაზზე დააზუსტოთ”.

მერიის ცხელი ხაზი:

ჩვენ ამ შეზღუდვებზე ინფორმაცია არ მიგვიღია, კონკრეტული ადგილების შესახებ შეგიძლიათ მთავრობის ცხელ ხაზზე 144-ზე დარეკოთ.

მთავარია, რომ სამზე მეტი ადამიანი არ შეიკრიბოს, თუკი იმავე ტერიტორიაზე სხვასაც მოუნდა სეირნობა და ბევრი ხალხი შეგროვდება კანონდარღვევა გამოვა.

მოგაწვდით საპატრულო ცენტრის ნომერს, შეგიძლიათ იქ გაიაროთ კონსულტაცია შეზღუდვებთან დაკავშირებით.”

საპატრულო პოლიციის ცხელი ხაზი:

სამი ადამიანი სადაც გინდათ იქ გადაადგილდით. სხვებიც თუ იქნებიან იმ ადგილას, მათთან ერთად ნუ გაჩერდებით.”

მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური: მუნიციპალური პარკები არ დაგვიკეტავს, ანუ ვაკის პარკი, მუშტაიდი და სხვა პარკები, მათ შორის მზიური ღიაა. იპოდრომი, ლისი, კუს ტბა კერძოა და ვერ გეტყვით როგორ არის.

მარტის ბოლოდან დაიკეტა ლისის და კუს ტბა, იპოდრომის ძველ ტერიტორიაზე კი გადაადგილება კვლავაც შეუზღუდავად შეიძლება.

კიდევ ერთხელ ოფიციალური განმარტების შესახებ

გადაადგილებაზე სახელმწიფო რეგულაციაა:

3 ადამიანზე მეტის ერთად შეკრება არ შეიძლება.

მოქალაქეებს შორის უნდა იყოს დაცული 2 მეტრიანი დისტანცია. (მათგან რომელიმე წესის დარღვევის შემთხვევაში მოქალაქე 3000 ლარით ჯარიმდება)

ღიაა მუნიციპალური სკვერები და პარკები, სეირნობა არ იკრძალება.

რას გვირჩევენ პედიატრები, თუ კი ბავშვები სასეირნოდ ხალხმრავალ ადგილას გაგვყავს?

Რა თქმა უნდა ბავშვს სჭირდება ჰაერი, თუკი დავსტრესეთ და 4 კედელში გამოვკეტეთ ეს ნეგატიურ გავლენას იქონიებს მის იმუნიტეტსა და ემოციურ მდგომარეობაზე. თუმცა ხალხმრავალ ადგილებში გასერნება რისკებთანაა დაკავშირებული. ამიტომ, ჯობს სეირნობა დილის საათებში და რაც შეიძლება დიდი დისტანციით სხვებთან.

პედიატრი ეკატერინე გოზალიშვილი

უნდა გვახსოვდეს:

  • სირბილის დროს ვირუსი ვრცელდება კიდევ უფრო შორს- 5 მეტრზე, რადგან ქოშინს იწყებ, პირი ღიაა და გაძლიერებულია სუნთქვა.
  • ცემინებისას თითქმის 8 მეტრზე - ბოლო მონაცემებით ასეა.
  • პირისპირ საუბრისას 2 მეტრზე.

რადგან პატარებისთვის ნიღბის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია მშობლები უნდა იყვნენ ყურდღებით და სადეზინფქციო ხსნარებით “შეიარაღებულები”. ბავშვები, სულ რაღაცას კიდებენ ხელს და მნიშვნელოვანია მშობელმა გააკონტროლოს, რომ პატარებმა არ ჩაიდონ ხელი პირში, არ მოისვან სახეზე ან თვალზე.

"ქრონიკული დაავადების შემთხვევაში სეირნობასთან დაკავშირებით სხვა სიტუაციაა, ყველანაირ კონტაქტს უნდა მოერიდონ ბავშვებიც და დიდებიც, რადგან რისკ-ჯგუფია. თუ აივანზე გასვლის საშუალება აქვთ ძალიან კარგია, სხვა შემთხვევაში მზიანი ამინდის პირობებში, ფანჯრების დაღება და სახლის ხშირი განიავება შეიძლება."- ამბობს პედიატრი ეკატერინე გოზალიშვილი

იგივე კითხვა აქვთს ხალხს დაავადებათა კონტროლის ცენტრთანაც

Your browser doesn’t support HTML5

ხათუნა ზახაშვილის კომენტარი

თამარ ალავიძემ კორონავირუსის პანდემიის პირობებში უარი თქვა პარკებსა და სკვერებში ბავშვებთან ერთად სეირნობაზე. 6 წლის კატოს პირველი ტიპის, ინსულინდამოკიდებული დიაბეტი აქვს, რაც მას რისკ-ჯგუფს მიაკუთვნებს. ის საფრთხე, რაც შეიძლება კატოს ჯანმრთელობას შეექმნას, არ არის პროპორციული იმ სარგებლის, რაც "პარკში" ყოფნამ შეიძლება მოუტანოსო, ამბობს თამარი.

“მე პარკებში სეირნობის რეკომენდაცია არც ექიმისგან მიმიღია და არც ჩემი განსჯით მიმაჩნია საჭიროდ და მითუმეტეს უსაფრთხოდ.

თუ ეზოში არ არის ხალხი, ხანდახან ცოტა ხნით ჩაგვყავს, როცა კარგი ამინდია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ცდუნება ყოველთვის აქვთ ბავშვებს ეზოში, სხვადასხვა ნივთებს შეეხონ - საქანელას, სასრიალოს, სკამს - ამდენად, დაძაბული ვარ და ამ რისკს, მაინც მირჩევნია სახლში იყოს, სადაც ფანჯარა ყოველთვის გვაქვს შეღებული. აივანი გვაქვს და მზის სხივებს ეფიცხება ხოლმე, როცა კარგი ამინდია. . “ - ამბობს თამარი

ოჯახის წევრები მხოლოდ აუცილებელ საყიდლებსა და აფთიაქში დადიან, იმისთვის რომ ვირუსის გავრცელებას ხელი არ შეუწყონ სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ სხვებსაც.

კატო 6 წლის:

როგორია პარკებში სეირნობის პრაქტიკა სხვა ქვეყნებში

  • ამერიკა: ლუიზიანა, ნიუ ორლეანი

ნათია ქალდანი

ნათია ქალდანი ოჯახთან ერთად 4 წელია ამერიკაში ცხოვრობს, როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნება პარკებსა და სკვერებში სეირნობა არასდროს იკრძალებოდა და ხალხიც ხშირად სეირნობს. ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა სავალდებულოა. თუმცა ამბობს, რომ ხალხის კონცენტრაციის გამო ხანდახან რთულია ამის შესრულება, ამიტომ ცდილობს ოჯახმა ისეთ ადგილას ისეირნოს, სადაც ნაკლები ხალხია.

“არსებობს ცხელი ხაზიც, სადაც წესების დარღვევის შემთხვევაში შეგიძლია დარეკო და განაცხადო, შემდეგ მოვლენ და დააჯარიმებენ მოქალაქეს, მაგრამ ეს ძირითადად ჯგუფრ შეკრებებს ეხება და არა დისტანციის დაცვას.”

მუდმივად მისდით მთავრობის შეტყობინებები, ახალი რეკომენდაციებისა და ცვლილებების შესახებ.

“ ბოლოს მოგვწერეს, რომ რეკომენდებულია სახის დაფარვა. ძირითადად სახლში დამზადებული პირბადეებით დადიან, ზოგი ბენდენებით. არათუ პირბადე, თერმომეტრი და სისხლში ჟანგბადის საზომიც დეფიციტური გახდა. ხელებს ვიბანთ ნებისმიერ საგანთან შეხების შემდეგ, სახლში ფეხსაცმელებით არ შემოვდივართ და გარეთ ყოფნისას აუცილებლად ვიცავთ სოციალურ დისტანციას.”- ამბობს ნათია

  • ჩეხეთი: პრაღა

ვანო ჩაჩხიანი

ვანო ჩაჩხიანი ქირურგია, თუმცა იგი პირბადეს არა მხოლოდ საავადმყოფოში, არამედ ქუჩაშიც ატარებს. ამერიკისგან განსხვავებით, ჩეხეთში პირბადის ტარება სავალდებულოა. დარღვევისთვის ჯარიმა - 500 ევრო.

“სეირნობა და არაჯგუფური სპორტი (მაქს. ორი ადამიანი ერთად, ან ოჯახის წევრები ) ყოველთვის შეუზღუდავი იყო, (მათ შორის სირბილი, ველოსიპედით სიარული) რადგან ეს აუცილებელია ჯანმრთელობისთვის. თუმცა, ვირუსის პირობებში მაინც ნაკლები ხალხი დადის ვიდრე აქამდე იყო, ყველა ცდილობს სოფლებში, აგარაკზე ან ტყეში წავიდეს. სულ ცოტა ხანია, რაც ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები მოიხსნა. ამჟამად გახსნეს საოჯახო ნივთებისა და სამშენებლო მასალების, ასევე ველოსიპეტების მაღაზიები. სპორსმენებმა დაიწყეს ვარჯიში 5 კაციან ჯგუფებში, დაიშვა ქორწილები 10 კაცამდე, უნივერსიტეტის ბოლო კურსებზე აღდგა სწავლა, ოღონდ 5 კაციან ჯგუფებში. ყველა შემთხვევაში აუცილებელია 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა. სიტუაციას მკაცრად აკონტროლებს პოლიცია.”- ამბობს ვანო

  • იტალია: ვერონა

რა შეიცვალა იტალიაში მას შემდეგ რაც კორონავირუსის გამო ქალაქის მერები ადამიანებს სკვერებიდან აძევებდნენ და სახლში დარჩენას სთხივდნენ?

როგორც ვერონაში მცხოვრები თამარ ჩახტაური რადიო გავისუფლებას უყვება, ყველაფერი ნელ-ნელა უმჯობესდება, სიკვდილიანობამაც იკლო.

თამარ ჩახტაური

პრემიერ კონტეს მოწოდებით ხალხი კვლავაც სახლებში რჩება და მხოლოდ მაღაზიასა და აფთიაქში ჩადის. თუმცა მალე დაწესებული აკრძალვების ნაწილი უნდა მოიხსნას და ამას ელის საზოგადოების დიდი ნაწილი.

“ველოდებით 4 მაისს, კარანტინის დამთავრების დღეს, როგორც თავისუფლების დღეს. სტატისტიკური მონაცემებით, თითქმის განახევრდა სიკვდილიანობა, სამწუხაროდ გარდაცვლილია 24 114 ადამიანი. ამავე დროს გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი, რაც იმედს გვაძლევს ხვალინდელი დღის ლამაზად გათენების.”- ამბობს თამარ ჩახტაური.

სხვადასხვა ქვეყნის შემთხვევაში ვირუსისგან თავდაცვისთვის შემოღებული შეზღუდვები ინდივიდუალურია, მაგრამ გარეთ გასვლა, სოციალური დისტანცია და ჰიგიენის დაცვა არის ის გამაერთიანებელი მოთხოვნა, რაც ყველა ქვეყანას საერთო აქვს. განსაკუთრებით, თუკი საქმე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სეირნობას ეხება.