კიევის მერის მოადგილე თანამდებობას დაემშვიდობა პოლიციასთან ჩხუბის გამო

უკრაინის ეროვნული გვარდია კარანტინის პროცესში

კიევის მერმა და საქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ვიტალი კლიჩკომ, ორშაბათს თანამდებობიდან გაათავისუფლა თავისი მოადგილე, ვლადიმირ სლონჩაკი, რომელმაც წინა ღამით პატრულის წარმომადგენელს ხელი დაარტყა.

მაღალჩინოსანს, რომელიც კიევის საბჭოს დეპუტატთან, ლიუდმილა კოსტენკოსთან ერთად იმყოფებოდა მანქანაში, პოლიციასთან ინციდენტი მოუხდა იმ დროს, როდესაც პატრული მძღოლს მართვის უფლების ჩვენებას სთხოვდა.

პოსტზე მყოფ პოლიციელებს საეჭვოდ მოეჩვენათ ის გარემოება, რომ უცნობი პირი ღამის საათებში ფარებგამორთული მანქანით გადაადგილდებოდა. კიევის საბჭოს დეპუტატმა პოლიციას უარი განუცხადა მძღოლის პირადობის მოწმობის ჩვენებაზე, ვლადიმირ სლონჩაკმა კი პატრულს ხელი დაარტყა.

კიევის პოლიციის ცნობით, ჩადენილი დანაშაული 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კორონავირუსის პანდემიის გამო უკრაინის დედაქალაქსა და კიდევ რამდენიმე დიდ ქალაქში მკაცრი საკარანტინო წესები მოქმედებს.