ტაჯიკეთის ხელისუფლებამ აღიარა ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მინიმუმ 15 შემთხვევა

ქუჩების დეზინფექცია ქალაქ ხუჯანდში.

ტაჯიკეთის კორონავირუსის პანდემიის პრევენციის სახელმწიფო კომისიამ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ყოჰირ რასულზოდა უდგას სათავეში, აღიარა რომ ქვეყანაში აღმოჩენილია კორონავირუსით ინფიცირების მინიმუმ 15 შემთხვევა.

წყაროებმა, რომლებიც კომისიის საგანგებო სხდომას ესწრებოდნენ, რადიო თავისუფლებას 30 აპრილს განუცხადეს, რომ ხუთი შემთხვევა დადასტურდა დუშანბეში, 10 - ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ხუჯანდში.

ტაჯიკეთს ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებია COVID-19-ით დაავადების შემთხვევები, თუმცა რადიო თავისუფლების წყაროების თანახმად, ვირუსის თაობაზე განცხადება მომდევნო რამდენიმე საათში გაკეთდება ტელევიზიით.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არ ყოფილა ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევები, გასულ კვირაში ტაჯიკეთის მთავრობამ კორონავირუსის პანდემიის გამო ორი კვირით დახურა სკოლები და შეაჩერა საფეხბურთო სეზონი.