ასობით ადამიანი იქნა ევაკუირებული უზბეკეთში წყალსაცავის ჯებირის გარღვევის გამო

გარღვეული ჯებირი

სულ მცირე 1600 ადამიანის სასწრაფო ევაკუაცია გახდა საჭირო ცოტა ხნის წინ აშენებული სარდობინის წყალსაცავის ჯებირის გარღვევით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად.

რადიო თავისუფლების უზბეკური სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციის სამსახურები. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიაევი.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია 29 მეტრი სიმაღლის ჯებირის გარღვევა.

2010 წელს დაწყებული სარდობინის წყალსაცავის მშენებლობა 2017 წელს დასრულდა. უზბეკეთის ხელისუფლებამ ჩინეთთან ხელი მოაწერა 23 მილიონი დოლარის კონტრაქტს, რომელიც 2022 წლისთვის კაშხალზე ჰიდროელექტროსადგურის გახსნას ითვალისწინებს.