მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი დეკემბერში ჩეფს და ციპლენკოვს შეხვდება

მსოფლიოს უძლიერესი ქართველი მკლავჭიდელი, მსოფლიოს ტოპ-8-ის მოქმედი ჩემპიონი ლევან საგინაშვილი წლის ბოლოს ორ უმნიშვნელოვანეს ბრძოლას გამართავს.

„ვენდეტა“ - ასე ერქმევა სუპერღონისძიებას, რომელშიც დაუმარცხებელი „ჰალკი“ უმთავრეს კონკურენტებს დაუპირისპირდება. მარჯვენა ხელით ამერიკელ დევიდ ჩეფს, ხოლო მარცხენათი - რუს დენის ციპლენკოვს.

ეს უკანასკნელი წლების განმავლობაში მსოფლიოს უძლიერესი მკლავჭიდელი იყო და ბოლო სეზონები მძიმე ტრავმის გამო გაუცდა.

კორონავირუსის პანდემიის გამო, წლეულს არ გაიმართება მსოფლიოს ტოპ-8. ამრიგად, სეზონის უმთავრესი ღონისძიება სწორედ „ვენდეტა“ იქნება.

მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი ლევან საგინაშვილი პროფესიულ მკლავჭიდში 2017 წელს გადავიდა და მას შემდეგ არათუ შეხვედრა, ერთი რაუნდიც კი არ წაუგია.