სოფლის მეურნეობისთვის გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობას ფერმერები 20 მაისიდან შეძლებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თანახმად, სახელმწიფოს მიერ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გათვალისწინებული დახმარებით ქვეყნის მასშტაბით 200 000 ფერმერი ისარგებლებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, დახმარებების მისაღებად ფერმერებს შეუძლიათ სოფლის მეორნეობის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებს 20 მაისიდან მიმართონ.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, დახმარების სრული ბიუჯეტი ფერმერებისთვის 300 მილიონ ლარს შეადგენს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თითოეული ფერმერი ყოველ რეგისტრირებულ ერთ ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე სუბსიდიის სახით 200 ლარს მიიღებს. გარდა ამისა, მთავრობა თითო ფერმერს საწვავის ღირებულებასაც დაუფინანსებს.

როგორც სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა, თითოეულ მათგანს ერთი ჰექტარის დასამუშავებლად 150 ლიტრი საწვავის საბაზრო ღირებულებაზე ერთი ლარით ნაკლებად შეეძლება ყიდვა.

ამას გარდა, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ფერმერები გათავისუფლდებიან საირიგაციო საფასურისგან და მათ სარწყავი წყალი 20 წლის განმავლობაში უფასოდ ექნებათ.

ამ წუთებში სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმას დეტალურად წარადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი.