საქართველოში კორონავირუსის ექვსივე ახალ შემთხვევაში ინფიცირების წყარო ცნობილია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ექვსივე ახალი პაციენტის დაავადების წყარო ცნობილია.

„სამი არის ცნობილი ბოლნისის წყარო, მეორე სამი არის ზუგდიდის დადასტურებულთან კონტაქტის შემთხვევები“, - უთხრა მედიას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

18 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოში 695-დან 701-მდე გაიზარდა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი.

განიკურნა კიდევ 7 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 432-ია.

საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 12 ადამიანი.