სოციალურმა ქსელმა ტვიტერმა მომხმარებელი პირველად გააფრთხილა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ტვიტერით გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია.
26 მაისს, დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ არჩევნების დროს ფოსტით ხმის მიცემა შედეგების გაყალბებისთვის იქნება გამოყენებული. ტვიტერის ადმინისტრაციამ აშშ-ის პრეზიდენტის ამ მოსაზრების ქვეშ, ძახილის ნიშნით გამოაქვეყნა მითითება: „მიიღეთ ფაქტები ფოსტით ხმის მიცემის შესახებ“. თუ მომხმარებელი ამ მითითებას მიჰყვება, გაიგებს, რომ დონალდ ტრამპის განცხადება არანაირი მტკიცებულებით გამყარებული არ არის.
There is NO WAY (ZERO!) that Mail-In Ballots will be anything less than substantially fraudulent. Mail boxes will be robbed, ballots will be forged & even illegally printed out & fraudulently signed. The Governor of California is sending Ballots to millions of people, anyone.....
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) May 26, 2020
საპასუხოდ, დონალდ ტრამპმა ტვიტერი დაადანაშაულა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასა და სიტყვის თავისუფლების ხელყოფაში და განაცხადა, რომ როგორც პრეზიდენტი ამას არ დაუშვებს.
....Twitter is completely stifling FREE SPEECH, and I, as President, will not allow it to happen!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) May 26, 2020
ტვიტერის მსგავსი ნაბიჯი მოჰყვა დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგეების არაერთ განცხადებას, რომ პრეზიდენტი ტვიტერით ავრცელებს ცრუ ინფორმაციას და ოპონენტებს თავს ესხმის. საპასუხოდ, სოციალური ქსელის ადმინისტრაცია განმარტავდა, რომ მომხმარებელთა მიერ აზრის გამოთქმა აშშ-ის კონსტიტუციითაა დაცული და დონალდ ტრამპი ტვიტერით სარგებლობის წესებს არ არღვევს. მეტიც, ტვიტერის პოზიციაა, რომ მსოფლიო ლიდერების შეტყობინებები მნიშვნელოვანი წყაროა მათი აზროვნების და ქმედებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.