აშშ-ს სურს ახალი სანქციებით შეუშალოს ხელი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის რეალიზებას

2019 წელს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენზე მომუშავე კომპანია Allseas-ის გემი, რომელსაც ძალიან მალე აშშ-ის სანქციები შეეხო და მუშაობა შეწყვიტა ბალტიის ზღვაში. 

აშშ-ს განზრახული აქვს ახალი სანქციების დაწესება იმ კომპანიებისა და იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც დაკავშირებული არიან გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის (Nord Stream 2) მშენებლობასთან. ამის შესახებ გერმანიაში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ გრენელმა აღნიშნა გავლენიან საქმიან გაზეთ „ჰანდელსბატთან“ (Handelsblatt) ინტერვიუში და დასძინა, რომ დასავლელი დამკვირვებლები თვალს ადევნებენ ზღვის ფსკერზე მილების გამყვანი გემების გადაადგილებას, რომლებსაც შეუძლიათ გაზსადენის მშენებლობის დასრულება.

გერმანიაში აშშ-ის ელჩის თქმით, სანქციების შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერა დაჩქარებულად მოხდება.

მანამდე გერმანიის ენერგეტიკის მარეგულირებელმა უწყებამ (Bundesnetzagentur-მა) უარი თქვა ბუნებრივი აირის ბაზრის ევროპის კავშირის შიგნით მოქმედი წესებისგან გაეთავისუფლებინა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ (Nord Stream 2-ის) ოპერატორები. გაზსადენი შენდება რუსეთიდან გერმანიისკენ აირის გადასატანად ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით.

დეკემბერში, აშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც ვაშინგტონს უფლებას აძლევს სანქციები დაუწესოს ნებისმიერ გემს, რომელიც რუსეთს ეხმარება დაასრულოს მილსადენის პროექტი და აიძულა დასავლეთის მფლობელობაში მყოფი არაერთი გემი, შეეწყვიტა მუშაობა.