რუსეთში გამოკითხულთა მესამედისთვის კორონავირუსის საფრთხე გამოგონილი, ან გადაჭარბებულია

რუსეთში გამოკითხულთა მესამედი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის საფრთხე გადაჭარბებულია, ან დაინტერესებული პირების მიერაა გამოგონილი. ეკონომიკის უმაღლესი სკოლის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები სააგენტო РБК-მ გამოაქვეყნა.

გამოკითხულთა 23% დარწმუნებულია, რომ სინამდვილეში არანაირი ეპიდემია არ არსებობს, 10% კი ფიქრობს, რომ საფრთხე გადაჭარბებულია.

მათ შორის, ვინც კორონავირუსის ეპიდემიას გამოგონილს უწოდებს, ყველაზე მეტი - 41% რუსეთის სამხრეთ ფედერალურ ოლქში ცხოვრობს. ამ ოლქში შედიან ადიღეს რესპუბლიკა, ასტრახანის, ვოლგოგრადის და როსტოვის ოლქები, კრასნოდარის მხარე, კალმიკიის რესპუბლიკა და რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი და სევასტოპოლი.

რუსეთი აშშ-ის და ბრაზილიის შემდეგ, მსოფლიოში მესამე ადგილზეა კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით. ოფიციალური სტატისტიკით, ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 370 600-ს აჭარბებს, გარდაცვლილების კი 4 000-ს უახლოვდება.