თბილისის მერია განაახლებს კორონავირუსის გამო შეჩერებულ მომსახურებას

თბილისის მერია

დღეიდან, 1 ივნისიდან თბილისის მერია ეტაპობრივად განაახლებს მოქალაქეთა მომსახურებას. დედაქალაქის ათივე გამგეობაში ისევ იხსნება მოქალაქეთა მომსახურების ცენტრები.

დღეიდან აღდგება თბილისის მერიაში შესული ადმინისტრაციული ერთეულების საჩივრების განმხილველი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტის დამდგენი, კულტურული ღონისძიებების დაფინანსების, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების და დაუმთავრებელი მშენებლობების საკითხთა კომისიების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ისტორიული საბჭოს სხდომებიც. ასევე, მერიის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ჩასატარებელი კონკურსები.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ 27 მაისს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული რთული ვითარების გამო, შეფერხებული იყო მუნიციპალური სერვისების მიწოდება და ერთადერთი, რაც მუშაობდა, იყო ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებები.