საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ყველა ახალი პაციენტი უკვე ცნობილი კლასტერებიდანაა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 11 ახალი პაციენტიდან 8 „საბურთალოს კლასტერიდანაა“, ხოლო 3 მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთიდან.

„ახალი წყარო, ანუ ახალი კლასტერი ქვეყანაში არ გვაქვს“, - უთხრა მედიას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, „საბურთალოს კლასტერი“ მთლიანად შეისწავლება: „ყველას იზოლაცია მოხდა, ყველას კვლევა წარმოებს. აქედან გამომდინარე, არა მგონია, რომ მოხდეს ამ კლასტერის გავრცელება და გაბევრება“.

ყველაზე ახალი, „საბურთალოს კლასტერი“ თბილისში გასულ კვირაში გაჩნდა. ამ წყაროდან 20-ზე მეტი პირია ინფიცირებული.

კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა დღეს დილით დადასტურდა. საქართველოში თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე სულ ინფიცირებულია 794 ადამიანი. მათგან 624 უკვე გამოჯანმრთელდა. 12 გარდაიცვალა.