ტიკარაძე: არ გამართლდა რისკები, რომლის მოლოდინიც ტრანსპორტის გახსნის შემდეგ გვქონდა

საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანახმად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქეები მკაცრად იცავენ დაწესებულ ნორმებს და, შესაბამისად, არ გამართლდა ის რისკები, რომლის მოლოდინიც არსებობდა ტრანსპორტის მუშაობის განახლების შემდეგ.

„მე იმედს ვიტოვებ, რომ ყველა დანარჩენ უწყებაში, რომლის ეტაპობრივი გახსნაც მოხდება, გავაგრძელებთ ნორმების დაცვას და ნიღბების მოხმარებას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მან მოუწოდა მოქალაქეებს, დაიცვან წესები, რომლებიც ახალი კორონავირუსის პირობებში ცხოვრების წესად იქცა.

საქართველოში ყველა სახის საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა 29 მაისიდან განაახლა. ავტობუსებში, მიკროავტობუსებსა და თბილისის მეტროში სავალდებულოა ნიღბის გამოყენება. ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში აკრძალულია კონდიციონერის ჩართვა.