თალიბები უარყოფენ თავიანთი ლიდერის კორონავირუსით გარდაცვალებას

ექსტრემისტული ორგანიზაცია თალიბანი უარყოფს და სიცრუეს უწოდებს დაჯგუფების ლიდერის, მულა ჰაიბატულა ახუნზადას კორონავირუსისგან გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ცნობებს.

ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ცნობა ახუნზადას გარდაცვალების შესახებ გამოაქვეყნა ჟურნალმა „ფორინ პოლისმა“, რომლის თანახმად, თალიბთა ლიდერი COVID-19-ის ვირუსს საზღვარგარეთ ებრძოდა.

ჟურნალს მოყვანილი აქვს თალიბანის ერთ-ერთი სამხედრო ხელმძღვანელის ალი ჯან აჰმადის სიტყვები, რომლის თანახმად, ახუნზადა ავად იყო, მაგრამ მკურნალობის შემდეგ ვირუსისგან "განიკურნა".

მაგრამ სხვა სამმა ანონიმურმა წყარომ პაკისტანის ქალაქ კვეტადან, სადაც სავარაუდოდ იმყოფებოდა სამკურნალოდ თალიბების ლიდერი, „ფორინ პოლისს“ ანონიმურად აცნობა, რომ ახუნზადა გარდაიცვალა.

თალიბანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზაბიულა მუჯაჰიდმა 2 ივნისს უარყო ლიდერის გარდაცვალების ამბავი და „ფორინ პოლისი“ პროპაგანდის გავრცელებაში დაადანაშაულა. „მულა ახუნზადა კარგადაა და დაკავებულია თავისი ყოველდღიური საქმეებით“, - განაცხადა მუჯაჰიდმა.

მულა ჰაიბატულა ახუნზადა 2016 წელს გახდა თალიბანის ლიდერი მისი წინამორბედის მოლა ახტარ მანსურის დაღუპვის შემდეგ იმ შიდა დაპირისპირების დროს, რამაც თალიბანი მოიცვა მისი დამფუძნებლის მოლა ომარის გარდაცვალების შემდეგ.