გერმანიაში სულ უფრო მეტი ადამიანი უჩივის რასობრივ დისკრიმინაციას

ანტირასისტული საპროტესტო აქციის მონაწილეები ფრანკფურტში

გერმანიაში იზრდება მიმართვები რასიზმის ნიადაგზე შევიწროების გამო. დისკრიმინაციასთან ბრძოლის ფედერალური უწყების ინფორმაციით, ბოლო ხუთ წელიწადში ასეთი მიმართვების რიცხვი გაორმაგებულია.

DW-ს მოჰყავს უწყების ხელმძღვანელის, ბერნჰარდ ფრანკეს სიტყვები, რომ სტატისტიკა ცალსახად აჩვენებს გერმანიის მიერ რასიზმთან საბრძოლველად მიღებული ზომების არაეფექტურობას.

2019 წელს ფედერალურ უწყებას რასობრივი დისკრიმინაციის გამო მიმართა 1176-მა პირმა, რაც 10%-ით მეტია 2018 წლის მონაცემებზე.

გერმანიაში რასობრივი დისკრიმინაციის პრობლემაზე დისკუსია გამწვავდა აშშ-ში პოლიციის მიერ დაკავებული აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ. ანტირასისტული საპროტესტო აქციები გერმანიის ქალაქებშიც გაიმართა.