ამირან გამყრელიძემ ეროვნულ გამოცდებზე დაშვების საკითხები განმარტა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ გამოცდებზე არ მოხვდეს ინფიცირებული აბიტურიენტი, რათა ეს არ გახდეს ინფექციის გავრცელების წყარო.

"ის აბიტურიენტები, რომელთაც აქვს გაციება, ალერგია, სურდო ან, მოგეხსენებათ, ზოგიერთს ნორმალური ტემპერატურა 37 გრადუსი აქვთ ხოლმე, ასეთი აბიტურიენტი არ უნდა დაიჩაგროს და არ იყოს მისთვის გამოცდის გადავადების ან გამოცდაზე არდაშვების აუცილებლობა", - თქვა ამირან გამყრელიძემ.

მისი სიტყვებით, კოვიდი დადასტურებულად ითვლება ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე, ანუ მოლეკულური, იგივე PCR ტექნოლოგიით ჩატარებული კვლევის საფუძველზე, შესაბამისად, თუ გამოცდამდე რამდენიმე დღით ადრე აბიტურიენტს აქვს სიმპტომები - მომატებული ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, მაშინ უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს და ჩაიტაროს გამოკვლევა.

"სახელმწიფო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ყველანაირი საფასურის გარეშე ჩავუტარებთ აბიტურიენტს ამ კვლევას", - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მისივე განმარტებით, თუ აბიტურიენტს არ აქვს ჩატარებული კვლევა და მიდის გამოცდაზე, და მას გამოუვლინდება ტემპერატურა აუცილებელი თერმოსკრინინგის საფუძველზე, ან უარყოფითი პასუხი აქვს წინასწარ გაკეთებულ კოვიდის ტესტზე, იგი გამოცდაზე დაიშვება. ტემპერატურასთან ერთად სხვა სიმპტომების შემთხვევაშიც „დაიშვება გამოცდაზე, მაგრამ იზოლირებულ ოთახში, შესაბამისი ბარიერებით, რომ ყველა მოულოდნელობა გამოირიცხოს“.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ვინაიდან გამოცდა გარკვეული სტრესია, დასაშვებია, ზოგ აბიტურიენტს ჰქონდეს მომატებული ტემპერატურა. ამასთან, გასათვალისწინებელია დისტანციური თერმომეტრის ცდომილებაც.

„ამიტომ გამოცდების ეროვნულ ცენტრს აქვს რეკომენდაცია მიცემული, რომ თუ მხოლოდ ტემპერატურაა გამოცდაზე შესვლისას, მას [აბიტურიენტს] ეძლევა საშუალება, ჩვეულებრივი, კლასიკური ვერცხლისწყლის თერმომეტრით გადაიმოწმოს ტემპერატურა“, - ამბობს ამირან გამყრელიძე.

მისივე თქმით, გამოცდაზე არ დაიშვება აბიტურიენტი, ვინც „არ იქნება ტესტირებული წინასწარ და ექნება სიმპტომები ბოლო დღეების განმავლობაში - ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება“.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, პირველ და მერე გამოცდას შორის საჭირო იქნება ტესტის გადამეორება, თუ პირველი გამოცდის წინ ჩატარებული ტესტის პასუხი უარყოფითი იყო.

„იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, პირველ ჯერზე შეიძლება არ იყოს კოვიდდადებითი და სამი-ოთხი დღის შემდგომ გამოჩნდეს, ამიტომ ყველა ეს შესაძლო რისკი უნდა იქნეს თავიდან აცილებული“, - ამბობს ამირან გამყრელიძე.

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. ხოლო სამაგისტრო გამოცდები - პირველიდან 4 აგვისტოს ჩათვლით. გამოცდებში სულ 55 000-ზე მეტი აბიტურიენტი და სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას.