სვიატოსლავ ვაკარჩუკმა უკრაინის სახალხო დეპუტატის თანამდებობა დატოვა

სვიატოსლავ ვაკარჩუკი

ცნობილმა უკრაინელმა როკმუსიკოსმა და პარლამენტის დეპუტატმა სვიატოსლავ ვაკარჩუკმა უკრაინის სახალხო დეპუტატის თანამდებობა დატოვა. უფლებამოსილებებზე უარის შესახებ მან ხუთშაბათს განაცხადა კიევში.

ვაკარჩუკის თქმით, მას საკუთარი მისია ნაწილობრივ შესრულებულად მიაჩნია - ვერხოვნა რადის არჩევნებამდე ის ხელმძღვანელობდა პარტია „ჰოლოსს“, რომელმაც რადაში მოხვედრა მოახერხა და საკუთარი ფრაქცია შექმნა. ვაკარჩუკის სიტყვებით, „ჰოლოსი“ პატარა, მაგრამ ძალიან გავლენიანი ფრაქციაა (ფრაქცია ოპოზიციაში იმყოფება, მაგრამ რიგ საკითხებში მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის).

პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ვაკარჩუკი ჯერ კიდევ მარტში გადადგა.

თავისი კარიერის მანძილზე ვაკარჩუკმა უკვე მეორედ თქვა უარი დეპუტატის მანდატზე. პირველად მან ეს 2008 წელს გააკეთა.

2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ვაკარჩუკი სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატად განიხილებოდა. მაგრამ მან არ წამოაყენა საკუთარი კანდიდატურა და კანდიდატთაგან არცერთისთვის არ დაუჭერია მხარი, თუმცა არ დაუმალავს, რომ აღფრთოვანებული არ იყო ზელენსკით.